გიორგი გახარია - ვიღაცა თუ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, არ ნიშნავს, რომ არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დაფინანსების გარეშე დავტოვოთ ჯანდაცვის სისტემა
მოქალაქეებმა ცხრა პარტიას დაგვავალეს, ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართოთ ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან, ვიღაცა თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ვალდებულია, არც ერთი დღე არ დააგვიანოს ბიუჯეტის მიღება.
მისივე თქმით, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, პოლიტიკური ინტერესების გამო ვერ გაჩერდება.
„პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს თავისი ლოგიკით, მაგრამ ეს ლოგიკა როგორც კი წინააღმდეგობაში მოვა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრების ინტერესებთან, ჩვენ, როგორც მთავრობა, ვალდებული ვართ, არც ერთი დღე არ დავაგვიანოთ ბიუჯეტის მიღების თვალსაზრისით, რამეთუ ქვეყნის ყოველდღიურ ოპერირებაზეა საუბარი. აქ საუბარია ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაზე, პოლიციის, სახელმწიფო ორგანოების, სოციალური და ბიზნესის დახმარების პაკეტების დაფინანსებაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით კრიზისში, ეპიდემიაში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯზე.
ჩვენ ვითვალისწინებთ პოლიტიკური პროცესის განვითარების ლოგიკას, ჩვენ ვთვლით, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანამ დაიმსახურა იმ არჩევნებით, რომელიც ჩავატარეთ ეპიდემიის პირობებში. ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, პარლამენტში გასულია ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა, ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი.
ის, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, წელს მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, ადასტურებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ყველას ერთად, ცხრა პარტიას დაგვავალეს: ამ პანდემიის კრიზისში, დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ მათი გადასაწყვეტია. ვიღაცა თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დაფინანსების გარეშე დავტოვოთ ჯანდაცვის სისტემა და სოციალური დახმარების პაკეტები“, – განაცხადა გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი