გიორგი გახარია - ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც ქვეყნის გარედან, ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ
გიორგი გახარია - ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც ქვეყნის გარედან, ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ

როდესაც ადამიანებს პოლიტიკური, ნორმალური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი უბრალოდ პოლიტიკურად ხულიგნობენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგულაციების დარღვევის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას.

გახარიას თქმით, რეგულაციების დარღვევისკენ მოწოდებებს პოლიტიკურ ხულიგნობად აფასებს.

„მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს. როდესაც ადამიანებს პოლიტიკური, ნორმალური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი უბრალოდ პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაც ხულიგნობს აქ, საქართველოში, ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!“ – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე.

„ჩვენი მოქალაქეები ამას ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახა. ხომ ნახეთ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამბიციები ჰქონდათ უზარმაზარი, ორ და სამ პროცენტს ძლივს აცდნენ. ამიტომ, აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს ვკარგავთ.

ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ, ხდება ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა. იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და არა ქუჩაში“, – განაცხადა გახარიამ.