გიორგი გახარია - ვიღაც ჩამოფრინდება, ვიღაც გადაუფრენს, ეს ყველაფერი ხდება ილუზიისთვის, თითქოს არჩევანი არ არსებობს, საბოლოო მიზანია ერთპიროვნული მმართველობა, რომლისკენ მიდრეკილებაც აქვთ მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც
ეს არის ბრძოლა, რომელმაც ჩვენ უნდა გაგვამარჯვებინოს ომში და ჩვენ ამ გამარჯვებას მივიღებთ, – ასე უპასუხა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რა არის მისთვის გამარჯვება ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში და ამ კონკრეტულ არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
შეკითხვაზე, „რა არის მინიმალური ამოცანა თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ის მერად იყრის კენჭს და არის თუ არა ეს პირველი ადგილი“, გახარიამ უპასუხა, რომ მისი გუნდის მიზანი არის გამარჯვება და ისინი ამ გამარჯვებას მიაღწევენ.
„მე გეუბნებით, ჩვენი მიზანია გამარჯვება და ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ. ერთად ვიზეიმებთ მე და თქვენ, აგერ ნახავთ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ თბილისს ახალი მერი ეყოლება, გახარიამ განაცხადა, რომ თბილისს როგორი მერი ეყოლება, ამას თბილისელები გადაწყვეტენ.
„ამას თბილისელები გადაწყვეტენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან სიტყვის ფასიც, კაცობის ფასიც, კაცური ლაპარაკის ფასიც და კიდევ, ბევრი რაღაცის ფასი“, – განაცხადა გახარიამ.
შეკითხვაზე, „ართმევს თუ არა ის ამომრჩეველს „ქართული ოცნებას“, როგორც ამას მმართველი გუნდი აცხადებს“, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს მას არ აინტერესებს.
„მე საერთოდ არ მაინტერესებს, რა სახის პრეტენზია შეიძლება, ჰქონდეთ „ოცნების“ დღევანდელ ბოსებს. არ მაინტერესებს და ამაზე დროს საერთოდ არ ვხარჯავ. მე ქართველ ამომრჩეველს არ ვყოფ იმისად, ამისად. ეს ხომ საკუთრება არ არის? იქ ვიღაცამ ვიღაცას მემკვიდრეობით დაუტოვა ამომრჩეველი თუ რა? საერთოდ, ასეთი პრეტენზია, რომ ჩვენი ამომრჩეველი ვიღაცას მიჰყავს და ჩვენ ის უნდა დავიბრუნოთ, ან ჩვენი ამომრჩეველი ვიღაცას მიჰყავს და ამიტომ, ის ცუდია, მოღალატე და ასე შემდეგ, არის უბრალოდ, ისეთი კატეგორიებით ოპერირება, რომელიც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოღვაწისთვის კი არა, უბრალოდ, ელემენტარულად განათლებული პოლიტიკოსისთვის არის მიუღებელი. ეს არარელევანტური და არაადეკვატურია“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ერთპიროვნული მმართველობისთვის იბრძვის.
„თავისი აგრესიულობით, ოპოზიციასაც მიდრეკილება აქვს ერთპიროვნული მართვისკენ. აი, დღეს რაც ხდება, ვიღაც ჩამოფრინდება, ვიღაც გადაუფრენს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, თავისი ამომრჩევლის კონსოლიდირება რა მიზნით ხდება?! ერთიც და მეორეც პოლიტიკურ პროცესს იმ მიმართულებით მიაქანებენ, რომ რადიკალიზაცია კიდევ უფრო გაზარდონ, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან ილუზია, თითქოს, არჩევანი არ არსებობს. საბოლოო მიზანი არის ერთპიროვნული მმართველობა, რომლისკენაც მიდრეკილება აქვს მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ კოალიციური მთავრობის საჭიროებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაც გააკრიტიკა.
„აი, ბოლო დღეების რიტორიკას დააკვირდით – გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო დემოკრატიაში რაღაც ერთი სიტყვა თქვა კოალიციურ მთავრობაზე. აი, საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ?“, – განაცხადა გახარიამ.
შეკითხვაზე, „სად დადგება გიორგი გახარია, თუ ოპოზიცია კვლავ ხმების გაყალბებაზე დაიწყებს აქცენტირებას, ქუჩაში გავა და იგივე პოლიტიკური პროცესი განმეორდება, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო?“, გახარიამ აღნიშნა, რომ ის დადგება იქ, სადაც სახელმწიფოებრივი ინტერესები და კონსტიტუციური ჩარჩო იქნება.
„გიორგი გახარია და მისი თანამებრძოლები არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენ კონსტიტუციური ჩარჩოდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.