გიორგი გახარია - ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარება
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და თითოეულ თქვენგანს გავახსენო, რამხელა დებატები იყო აქ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა და შემდგომ თხოვნით მიმართა პარლამენტს და პარლამენტმა დააინიცირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ შეზღუდვები ვინმემ არამიზნობრივად გამოიყენა.
„ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოხსნები, რომელიც შეგვეძლო, დღეს უკვე გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის, არამიზნობრივად, ვგულისხმობ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.