გიორგი გახარია - ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი
ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სეგმენტი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა, შესაბამისად, ამ სეგმენტების გახსნის ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია.
„რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელზეც მე დღეს განზრახ არ ვისაუბრე – ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა, გეგმიური ოპერაციების აღდგენა, ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა, ამიტომ, ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია, ზუსტად ასეა საჰაერო მიმოსვლა.
დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან ტურიზმი ჩვენთვის არის განმსაზღვრელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.