გიორგი გახარია - ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თვითიზოლაციის ზუსტი წესების აღსრულების კონტროლი უზრუნველყოს
ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა ვირუსის მატარებლები იყვნენ, აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, არის თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციისა, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.