გიორგი გახარია - ვალდებულებები, რომელიც ივლისიდან პენსიის ზრდასთან დაკავშირებით წელს გვქონდა აღებული, შენარჩუნდება
ჩვენი ძირითადი მიდგომა არის, რომ სოციალურად აღრიცხვად ჯგუფებს გავუწიოთ დახმარება და ისე გავაკეთოთ ეს, რომ მოვიცვათ მაქსიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პენსიონერებთან დაკავშირებით გაცხადებული ინიციატივა 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
„პენსიონერების ნაწილში რაც ვისაუბრე, ვთქვი გადაწყვეტილებები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე იქნება შეტანილი და, რომლებიც ამუშავდება 2021 წლის იანვრიდან. არ მითქვამს და არ მინდა გავიმეორო, რადგან ერთხელ უკვე ნათქვამი მაქვს, რომ პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა ჩვენ უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს წელსაც. ამაზე ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ. ზოგიერთივით შემეძლო, მეორედ მეთქვა და მეორედ გამომეტანა, თუმცა ეს არ გავაკეთე მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ბევრი დაანონსებული, მათ შორის ხელფასის ზრდაც სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე, გავაუქმეთ, გადავდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, მთავრობა სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება -4 და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება 1 მილიარდ 800 მლნ ლარით, ეს პროგნოზია. რეალურად, პროგნოზია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილულია, დადასტურებულია. თუმცა არავინ იცის ეს ციფრები იქნება უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის, ან ასეთი. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით. პენსიონერებთან დაკავშირებით ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ივლისიდან პენსიის ზრდის 30 ლარითა და 70 წელს ზემოთ კიდევ უფრო მეტით, ასევე მთის რეგიონებზე ცალკე იყო კიდევ გამოყოფილი, ეს ყველაფერი შენარჩუნდება. ეს არის პენსიონერების, როგორც ცალკე აღებული სოციალური ჯგუფის დახმარების პაკეტი, პირდაპირი დახმარების პაკეტი. გარდა ამისა, პენსიონერები, რომლებიც მოხვდებიან იმ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც უკვე აღვნიშნეთ, სოციალურად დაუცველი 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე დაგროვებულ ოჯახებში, რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ ყველა დახმარება, რომელიც განსაზღვრულია ამ ოჯახებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით.