გიორგი გახარია - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება, აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც „კოვიდ-19“-მდე ჰქონდათ
ჩვენ იძულებული ვართ, ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს.
„ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ „კოვიდ-19“-მდე ჰქონდათ, შემოსავალი, რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება. ამიტომ ის გეგმები, რომლებიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.