გიორგი გახარია - ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს
ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს.
„კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ყველას გვახსოვს კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა პირველ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე, რომლის უფლებამოსილებაში შევა შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება. მისი შეფასებით, ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ეროვნული მასშტაბის კიბერინციდენტების იდენტიფიცირება და მართვა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი მიმართულებით ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ ეს ხარვეზები. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მაღალ პოლიტიკურ დონეზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთობლივი განზრახვების კიდევ ერთხელ დადასტურება და ამავდროულად, სამუშაო დონეზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის კანონპროექტის და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის დეტალური განხილვა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ფასდაუდებელ მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა.
„გარწმუნებთ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სრული სერიოზულობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა პრემიერმა.
კიბერუსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა, რიინა კალიურანდიმ.
ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი თბილისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, ყოველწლიური გახდება.