გიორგი გახარია - უსაფუძვლოა ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური მოთხოვნა, ვინაიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება
მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მსხვილი სასურსათო მაღაზიათა ქსელის მენეჯმენტს ლოგისტიკურ საკითხებში მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და მოუწოდა, დახლებზე პროდუქციის განთავსების დეფიციტი არ შეიქმნას, ვინაიდან ამისთვის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უსაფუძვლოა ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური მოთხოვნაც, ვინაიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება.