გიორგი გახარია - უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა უწყების მაკოორდინირებელი, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა უწყების ძირითადი მაკოორდინირებელი, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირებულობა ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით.
„ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო. მოგეხსენებათ, ახალი კანონი სულ ახლახანს მიიღო და დაამტკიცა პარლამენტმა. სამწუხაროდ, საბჭოს ორი მუდმივმოქმედი წევრი საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრებოდა. მივიღეთ პრემიერისგან დავალებები. მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პერმიერის სრული ინფორმირებულობა ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ზუსტად ერთ თვეში. მივიღეთ დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.