გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა დესტრუქციული ქმედება სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს მიზნად
ბოლო დღეების განმავლობაში ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, რაც უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში, ეფექტიანად განაგრძონ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება.
„ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, ვინაიდან ყოველდღიურად ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მედიკოსზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა, რომელიც უნდა შესრულდეს.
„ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებით სახელმწიფოს ბლოკირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.