გიორგი გახარია - უნდა შევთანხმდეთ, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ, მივეჩვიოთ პირბადითა და ხელთათმანებით შრომას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია
გიორგი გახარია - უნდა შევთანხმდეთ, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ, მივეჩვიოთ პირბადითა და ხელთათმანებით შრომას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალიდან ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვა და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის 10 მაისამდე გახანგრძლივება აუცილებელი ნაბიჯებია.

„ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლეიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების, როგორც მისი გეოგრაფიული გავრცელების, ასევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ., მაგრამ არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ეს არ არის პასუხისმგებლობა პერსონალური ჩვენს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-თან ბრძოლა არ არის ომი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფრონტზე, ეს არის ბრძოლა ორ ფრონტზე, ადამიანის ჯანმრთელობის და ასევე ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე.

„ეს ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველდღიურად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც უფრო თანმიმდევრული ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართებით მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უნდა შევთანხმდეთ, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, მივეჩვიოთ პირბადითა და ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია.

„უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით ასევე, ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვის, მიუხედავად ამისა დღეს უახლოესი 2-3 კვირის განმვალობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელნელა თანმიმდევრული მოხსნა.

ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაში შეგვიძლია ავამუშავოთ ეკონომიკაც, ავამუშავოთ ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა მა შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით. და ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა პრემიერმა.