გიორგი გახარია - უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რათა ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად, ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ
უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისათვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს. სხვანაირად, ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის ოფისი იქნება სახლი თითოეული მოქალაქისთვის.
„დღეს, ხელვაჩაურში ვხსნით პირველ ოფისს და ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება სახლი თითოეული ხელვაჩაურელისთვის, რათა ჩვენ წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ქაოსი, ლანძღვა, გინება, ცემა უნდა დამთავრდეს. ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ხელვაჩაურელებს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვანაირად, ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ და ამაში თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ხელვაჩაურელმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.
საქმეზე რომ ვილაპარაკოთ, მარტივი პრინციპები უნდა დავიცვათ. ჩვენ მართლა არავის წინააღმდეგ არ ვართ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის წარმატებულ მომავალს ვემხრობით; მეორე – ჩვენ არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით, წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ, რადგან რაც ჩვენ გვაერთიანებს, ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა; მესამე – ყველას უნდა გვესმოდეს, უნდა ვეცადოთ, ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა, ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი არიან, ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ აი, ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, უნდა ისწავლონ ღირსეულ სკოლაში, მიიღონ ღირსეული განათლება, რათა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაზრდილ ბავშვებს გაუწიონ ღირსეული კონკურენცია და ასახელონ თავისი სამშობლო. ამისთვის ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. აქ ყოველთვის იქნება ადგილი ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მინდა, იცოდეთ, რომ ამ სახლის კარი ყველასთვის იქნება ღია, თითოეული რიგითი ხელვაჩაურელისთვის, რათა მოვისმინოთ ის, რაც თქვენ გაწუხებთ, ყველამ ერთად მივაღწიოთ წარმატებას ხელვაჩაურის, აჭარისა და ქვეყნის წინსვლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციას პარტიის „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.