გიორგი გახარია - უნდა გვესმოდეს, რომ ურთულესი ექვსი თვე გველოდება, ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, თანადგომის იმედი, რომ გამარჯვებული გამოვალთ ყველა პრობლემიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა და დღევანდელ დისკუსიას საინტერესო უწოდა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის.
„პატივცემულო კოლეგებო, დღეს გვქონდა საინტერესო მსჯელობა, დისკუსია,ზოგჯერ – ცხარე. დღეს ამ ტრიბუნიდან, საერთოდ ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, მე ახლა არ დავუბრუნდები, იქ არავინ გამორჩენილა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია.
დღეს კიდევ არ შეგვიძლია, საბოლოო გამარჯვება დავარქვათ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გადავლახეთ პირველი ტალღა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია თავისი ზემოქმედებით ეკონომიკაზე, მივიდა თითოეული ქართველი მოქალაქის ოჯახში, ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის და კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი დახმარება, სახელმწიფოსი მოქალაქის მიმართ უნდა იყოს უფრო მეტი, უფრო ქმედითი, უფრო სწრაფი, ეს ყველაფერი გასაგებია და ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება ექნება, ამ დახმარებას, თანადგომას, სახელმწიფოს, ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან მიიღებს“,- განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ურთულესი ექვსი თვეა მოსალოდნელი.
„ამ ურთულესი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ჩვენ ისევ გვაქვს იმის იმედი, რომ ერთად დავამარცხებთ და გამარჯვებული გამოვალთ ყველა ამ წინააღმდეგობიდან და ყველა პრობლემიდან.
ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დავაბრუნოთ ნორმალური შემოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახში. ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ურთულესი ექვსი თვე იქნება, როგორც ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ექვსი თვეა, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.