გიორგი გახარია - უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან, არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა სახელმწიფოსთვის
უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან, არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოსნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მთავარი ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან.
„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტიზმისა და კორუფციული რისკები. ეს არის უზარმაზარი სისტემური რისკების შემცველი პრობლემა, რომლის მოგვარება ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის გამოწვევებზე, ამასთან ერთად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სოციალური სფეროს, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების, რა თქმა უნდა, იყო და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამ პროგრესისა და მიღწევების შედარება ხდება წარსულთან. ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს დღევანდელი მდგომარეობის შედარება წარსულთან, რამეთუ ეს უსპობს განვითარებას მომავალსა და პერსპექტივას. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, იმის მაგივრად, რომ დღევანდელობა შევადაროთ ცუდ წარსულს. უნდა დავისახოთ უაღრესად ამბიციური მიზნები, რომლებიც მიმართული იქნება საუკეთესო მაგალითებისკენ და მომავლისკენ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ სისტემური განახლების გზით, გავაგრძელოთ ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო. უნდა შევინარჩუნოთ ყველა ის პოზიტიური აგური, რომელიც უკვე დადებულია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს შენებაში, მაგრამ არ უნდა შევუშინდეთ ამბიციური გამოწვევის საპასუხოდ მიზნებისა და გეგმების დასახვას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.