გიორგი გახარია - უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, რათა მივაღწიოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე
რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა მშვიდობიანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
გიორგი გახარიამ ისაუბრა სამთავრობო პროგრამის საკვანძო თავზე, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას, კონფლიქტების მოგვარებას და ადამიანის უფლებებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვალდებულების გარდა, აუცილებლობაა, რომ ეს თავი დავიწყოთ ოკუპაციით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები არის საფუძველი და ფუნდამენტი ქვეყნის შემდგომი ევროპული ორიენტაციის პრაქტიკული განხორციელების, ოკუპაციაც ერთ-ერთი ასეთი პირობაა, ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული.
უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით გაგრძელებული, ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში, სწორედ იმ 20 პროცენტით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია. ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ფორმატი, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ძირითადი და მთავარი მიზნის მისაღწევად, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.