გიორგი გახარია - უნდა დავანებოთ თავი ახალ პროგრამებსა და ინიციატივებს და ბოლოში გავიყვანოთ შედეგის სახით ის, რაც უკვე გვაქვს შეთავაზებული
ჩვენ პირდაპირ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალქეებს, სიღარიბის დაძლევის გონივრული ვადა არის ის, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე, სადაც დეპუტატ აკაკი ზოიძის კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, აუცილებელია სოციალური დაცვის მექანიზმები იყოს უფრო ეფექტიანი.
„აქვე უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ჩვენ თუ ამისთვის გვჭირდება რამდენიმე წელი, სოციალური დაცვის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტიანი და უფრო მიზნობრივი. ეს არის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოსი. ის დიდი წვლილი, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში სახელმწიფომ უკვე გააკეთა, რაღაც გარკვეული აუდიტი ჩასატარებელია მისი ხარისხის, მიზნობრიობის და ეფექტიანობის ნაწილში“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან მმართველობის ეფექტიანობაზე ისაუბრა.
„საერთოდ, ამ წლების განმავლობაში ჩვენ იმდენი კარგი, შედეგიანი მეტნაკლებადაც ახალი ინიციატივა, პროგრამა და კიდევ ბევრი რამ შევთავაზეთ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ალბათ, ეს საკმარისია და რამდენიმე წელი ახლა შეიძლება, აუცილებელი იყოს მხოლოდ ამის იმპლემენტაციას და შესრულებას დავუთმოთ. მინდა, გითხრათ, რომ ეს მთავრობა იქნება ორიენტირებული სწორედ ამაზე. ეფექტიანობა – ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, პირველი კრიტერიუმი და, რა თქმა უნდა, დისციპლინა“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ეფექტიანი ბიუროკრატიის გარეშე ვერანაირი რეფორმა ვერ მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ვერ მოხდება, რომ რეფორმა გონივრულ ვადაში შეგრძნებადი გახდეს მოქალაქისთვის.
„კონცეპტუალურად სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში მაინც მიდის დასაქმებამდე, სამუშაო ადგილებამდე. ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, სიღარიბის დონე ცოტა იკლებს, სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, უფრო მეტი ტემპი გვჭირდება. ფორმულების დონეზე რაღაც კონცეპტზე უნდა შევთანხმდეთ და ეს კონცეპტი არის მარტივი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანას სჭირდება, როგორც პოლიტიკური, ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო, რომ ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელსაც შეეძლოს პროგნოზის გაკეთება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა მან შექმნას ამ ქვეყნისთვის საკმარისი სამუშაო ადგილები და გაძლიერებულ ბიზნესს, რა თქმა უნდა, ჩვენ, სახელმწიფო უნდა ველაპარაკოთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოს ტვირთი და ამის ტარება მოგვიწევს“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ამ წრის ერთ წელიწადში გავლა შეუძლებელია.
„მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და უნდა დავანებოთ ერთმნიშვნელოვნად თავი ახალ პროგრამებს, ინიციატივებს და კიდევ ბევრ რამეს. უნდა გავაკეთოთ აუდიტი, რაც უკვე პროგრამისა და ინიციატივის დონზე გვაქვს გაკეთებული, ეს ყველაფერი უნდა გავიყვანოთ ბოლოში და შედეგის სახით. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ვაგრძნობინოთ ამომრჩეველს ჩვენსასაც და ჩვენი ოპონენტებისასაც, რომ მხოლოდ დაპირება, ლაპარაკი, ინიციატივა არა, კონკრეტული შედეგი. საქმეც, მაგრამ უკვე კონკრეტული შედეგი და ის შედეგები, რომელიც უნდა გვქონდეს პირველ რიგში, უნდა იყოს ხელჩასაჭიდი და მგრძნობიარე მათთვის“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა არის სამუშაო ადგილები და ეს ბიზნესმა უნდა შექმნას.