გიორგი გახარია - უმძიმესი სანახავია არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამას უყურებენ, კომპეტენციისგან, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია
უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისგან, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანები დღეს ელოდნენ, რომ პარლამენტში საუბარი იქნებოდა პანდემიაზე, ეკონომიკაზე, თუმცა ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.
„ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ადამიანები ელოდნენ, რომ ვისაუბრებდი ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რამეზე, თუმცა დღეს ყველას დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გვესმის, რომ ეს პარლამენტია, პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება, იბრძვის რამდენიმე ფროტზე ერთდროულად, დღესაც რვა ინფიცირებული გყვავს, ყველას კარგად გვესმის, გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ უამრავი გამოწვევა გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი, ახლა მინდა, ცოტა სხვანაირად ვთქვა. არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ, დარწმუნებული ვარ, უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისგან, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს. შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ, გრძელვადიანი ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო რესურსების ამოღებას, დახარჯვას. საპენსიო ფონდზე საუბარი აღარ მინდა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის მოხუცებულობაში ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კრიზისი არის შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კრიზისის შემდგომ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, არ გაღატაკდეს ათობით ათასი ადამიანი, რადგან მათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გადაიხადეს თანხები, არ დარჩნენ საკუთრების გარეშე.