გიორგი გახარია - უკიდურესად მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან
გიორგი გახარია - უკიდურესად მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან

უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩვენი პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან, ამიტომ დუალური მოდელი სულ უფრო და უფრო ეფექტური ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები. შედეგად პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ღირსეულად იმუშავებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებში აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.

„ახალი პროფესიული კოლეჯები აშენდა კასპსა და შუახევში, ამოქმედდა ხულოს ფილიალი და ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეების გადასვლა რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე, პრობლემური იყო.  ამიტომ, პროფესიული განათლება ჩვენ სულ უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.