გიორგი გახარია - უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულს, რადგან როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი ისე სწრაფად გავრცელდება, გააზრებას ვერც მოვასწრებთ
ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, ეს გლობალური გამოწვევაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმის შენარჩუნება, რასაც საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მიაღწია, ახლა უფრო მეტ შრომას მოითხოვს.
„ყველანი ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, ყველანი ვხედავთ, რომ საქართველო არის, ასე თუ ისე, სიმშვიდის და მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, ყველას, ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას, დავრჩებით მერე ასე, შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით – ეს როგორ დაგვემართა. ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც რამეს თუ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად, ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, ღირსეულად არჩინონ ოჯახები.
„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, ღირსეულად არჩინონ თავისი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის, პირველ რიგში გვჭირდება კონტროლი. უნდა ვაკონტროლოთ ამ ეპიდემიის გავრცელება, უნდა გვქონდეს მარტივი ფორმულა – სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვართ, სად ვართ, რითი ვართ დაკავებული“, – განაცადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.