გიორგი გახარია - იმედგაცრუებაა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიული ბოსების მართვის შედეგად დღეს იძულებულია, იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს, რაც 2012 წელს მათ წინააღმდეგ იყო გამოყენებული
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნოდ, 2012 წელს, ხშირ შემთხვევაში ახლაც მეორდება.
გახარიას თქმით, შეიქმნა იურისტების და ადვოკატების გუნდი, რომელიც მოქალაქეებს მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაეხმარებიან.
„მე ბევრ ადამიანს ვხვდები, სხვათა შორის „ოცნების“ დამფუძნებლებს, წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, იგივეს იმეორებს პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება. რატომ? უბრალოდ, ეს შიშია. როგორ დონემდე მიდიან, იცით? რიგით საჯარო მოხელეებს სოფლის ექიმს, მეხანძრეს, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სიმპატია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით, ამორალურია ეს ყველაფერი. ამას არანაირი კავშირი ღირსებასთან არა აქვს. „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლის და ღირსების აღდგენის ლოზუნგით და მოტივით, უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვისაც, რომ დღეს იძულებულია და იმ მდგომარეობაშია, ამ პარტიული ბოსების მართვის შედეგად, რომ იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს. ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომელსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს. როგორ შეიძლება ეს შეაფასო. თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური ჯგუფი იურისტების და ადვოკატების, შემადგენლობით, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, სასამართლო სისტემა, როგორიც გვაქვს დღეს, ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელებს, თუმცა თუ დაგვჭირდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო როგორ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.