გიორგი გახარია - უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსთავი უმსხვილესი საწარმოების ადგილი და საქართველოს ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი ფუნდამენტია.
თუმცა, ამავე დროს, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე.
„რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და სიძლიერის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას, რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია. ჩვენ დღეს როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც.
ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, რადგან ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თითოეულ სამუშაო ადგილს ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა.
მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემები არის რუსთავში“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება.
„როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამასთან ერთად უკვე უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან იყო სერიოზულად აღქმული. ამიტომ უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს.
სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული, დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი და დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა.
მერწმუნეთ, ეს იქნება გაკეთებული უმკაცრესად. რაც აქამდე ხდებოდა, მარტივია, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა – ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე.