გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უკვე გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
„31 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყანა ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ვალდებულებებს, ანგარიშვალდებულებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში ეს საკითხები ეხება კითხვებს, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. ყველანი, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართული, მივალთ პარლამენტში და ყველა შეკითხვებს, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.