უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ ექვსი თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.
„ქობულეთი, უკვე, სადღაც მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. რა თქმა უნდა, ახლა ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სამწუხაროდ, წელს ამ გლობალური პანდემიის გამო დავზარდალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ რითიც შეგვეძლო სწრაფად დავუდექით განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, სასტუმრო ბიზნესს გვერდით. აქამდე არ მითქვამს აჭარაში, რადგან აჭარის ფარგლებშიც ქობულეთი ალბათ ყველაზე უფრო დაზარალდა, აქედან ვიტყვი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით. ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინ წინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგიებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური. ჩვენ ხომ სხვებთან შედარებით უკეთ შევძელით, რომ დაგვეცვა და გავმკლავებოდით გლობალურ პანდემიას და დღეს ახლა ბათუმში, არ უნდა ვამბობდე ამას, საამაყო ამაში არაფერია, შეიძლება, ერთის მხრივ, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრივ, მაგრამ დღეს ახლა ბათუმში როცა ვმოძრაობ და ვსეირნობ ვხედავ, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს პანდემია ცოტა ხნით დაავიწყდათ. მივცეთ ახლა ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყებამდე ცოტა მოდუნდნენ და დაისვენონ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სექტემბრიდან ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და პარალელურად არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე.
„შეუძლებელია, ებრძოლო პანდემიას წარმატებით და პარალელურად არ ზრუნავდე ეკონომიკაზე. ერთთან პრობლემა ქმნის მომენტალურად, იმ წუთში მეორე პრობლემას. ჩვენ თუ ვერ დავამარცხეთ პანდემია ეფექტურად, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკას ვერ მოვუვლით. რაც შეეხება ეკონომიკას, ქობულეთი გარდა ტურისტული ქალაქისა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგად ვითარდება. საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს. ეს არის აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, როგორი სპეკულირებაც არ უნდა იყოს ზოგიერთი „ვაი ოპონენტის“ მხრიდან. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მარტივი მიზანი გვაქვს, ამ ქვეყანაში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. მადლობას ვუხდი თორნიკე რიჟვაძეს იმისთვის, რაც მან წელს გააკეტა და 1500 ჰექტარი ხელუხლებელი მიწა აჭარაში დამუშავდა. წელსაც, გასული წლის მსგავსად დავუდგებით ციტრუსის ნაწილში გვერდით ჩვენს გლეხს, როგორც არასტანდარტული, ისე სტანდარტული მოსავლის ნაწილში და მივეხმარებით ექსპორტზე მის გატანაში. შარშან გავიტანეთ 30 ათასი ტონა, წელს გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მოსავალი. ამ რეგიონში ცოტა თხილიც გვაქვს და გახსოვთ ფაროსანასთან ბრძოლის ნაწილიც. ესეც ადამიანზე ზრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, თხილი ცოტა უფრო ბევრი მოდის, მაგრამ წელს აჭარაში დაახლოებით 5 ათას ტონა თხილს ველოდებით. ძალიან კარგი, საუკეთესო ფასი იქნება და აქაც გლეხს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა – გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
„მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაკეთებელი საქმე ყოველთვის ბევრი გვექნება. ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერ-მინისტრმა რვა წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო. არა, ბატონებო! ამ გზას ვაგებდით და კიდევ რვა წელი დავაგებთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ შრომას. ჩვენ არ გვჭირდება ფასადური რეკლამები და პიარი, რადგან დაგებული გზა, აშენებული სკოლა კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითია და გაკეთებულ საქმეს ბევრი ხმაური და ყვირილი არ სჭირდება. მაგალითისთვის, ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულეთში, ქობულეთის ბულვარი, ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, გაზგაყვანილობა ბოლომდეა მისაყვანი, დეტალურად ვიცი მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების პრობლემა ქობულეთში ბინათმშენებლობის ნაწილში და მოსაფიქრებელი გვაქვს რაღაც, რომ ეს ყველაფერი მიწისქვეშ ჩავიტანოთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საზრუნავი, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ერთად ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ პატარა ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მიზანი ყველანაირი ხმაურის, ყვირილის და რეკლამის გარეშე, წყნარად, მშვიდად, ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს, ჩვენ კი მშვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ამ ნაწილში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი წარმომადგენელი როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ეს ღირსეული ადამიანები გააგონებენ თითოეული ქობულეთელის ხმასა როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიანად, მშვიდად უნდა მივიდეთ 31 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, სამართლიანად გავიმარჯვოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.