საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
„ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. პრემიერის შეფასებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე. მთავრობის მეთაურმა და თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომის შესახებ, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო.
გიორგი გახარიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.