გიორგი გახარია - პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტების დადასტურების შემთხვევაში, პირველები ვიქნებით, ვინც მის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ
პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული პოლიციელი, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, კანონის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, ბოლომდე მის გვერდით დადგებიან.
გიორგი გახარიამ კოკა კობალაძის ცემის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენინსპექციის ძიების შედეგად, დადასტურდა, რომ კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამალა.
„ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს.
ეს ფაქტი გუშინ დადგინდა გენინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან. მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილის შსს-ს რიგებში არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც შს მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კოკა კობალაძის საქმეზე მოპოვებული მასალები შსს-მ პროკურატურას გადასცა და სრულად ითანამშრომლებენ გენერალურ პროკურორთან.
როგორც გახარიამ აღნიშნა, გენინსპექციის მიერ ექვსი თვის განმავლობაში უკვე გამოვლენილი იყო 800 სამართალდარღვევა. მისი თქმით, 65 თანამშრომელია დათხოვილი შსს-ს რიგებიდან, ძირითადად, ესენი არიან საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები.
„შსს-ს მიმართ ხშირად იყო პრეტენზია და საყვედური, ზოგჯერ დასაბუთებულიც, რომ როცა საქმე ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი არის შემდეგი, რომ თუ შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში დანაშაულის ფაქტი და თუ ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ გენერალური ინსპექციის ეფექტიანი მუშაობის გზით შესაძლებელი იქნება ნდობის აღდგენა და გაღრმავება მოქალაქესა და პოლიციას შორის.
20 წლის კოკა კობალაძის დედის განცხადებით, მის შვილს სახლში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თათია დავითულიანის თქმით, კოკა კობალაძე ყვება, რომ თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.
კოკა კობალაძე საფრანგეთში ორი თვის წინ დაკავებული ალექსანდრე კობალაძის შვილია.