გიორგი გახარია - თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი
დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა ესმოდეს, მინდა, პირველ რიგში ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მთავრობისა და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ, ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს ეყოლება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების, ჯანდაცვის სიტემა მზად უნდა იყოს, სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და გამოვლენის შემდეგ სწრაფად უმკურნალოს.
„იმ შემთხვევაში თუკი, ჩვენ გვეყოლება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების, ჯანდაცვის სიტემა მზად უნდა იყოს ორი რამისთვის – სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა, ამისთვის იქნება შექმნილი ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუდვები არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.