გიორგი გახარია - პოლიტიკური მიზნებისთვის ტრაგედიის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელი, ამორალური და ყოველგვარ ფასეულობებს მიღმაა
გამოძიება, რომ დასრულდება შემდგომ შეიძლება ამის გარკვეული მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, სპეკულირება და ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხზე სახელმწიფოსა და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი.
„პოლიტიკურ შეფერილობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ტრაგიკული შემთხვევები. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოსა და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს, ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც ვიდრე ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება, რომ დასრულდება, აი შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიებების გარკვეული მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება სპეკულირება და ტრაგედიის გამოყენება, რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია და ყველანაირი ფასეულობებს მიღმაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.