გიორგი გახარია - თითოეულის პასუხისმგებლობაა, როგორი იქნება პასუხი კრიზისზე, კინკლაობას, გაურკვეველ ჭიდაობას აზრი არ ექნება, ადამიანები შეაფასებენ ქვეყანას და არა ცალკე აღებულ მმართველ ძალას ან ოპოზიციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკურ მიმართულებაზე და პანდემიის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ყველასთვის მოულოდნელი იყო, სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას შეუძლია, ის გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა.
„საბოლოოდ, ვიდრე კითხვა-პასუხზე გადავალთ, მინდა, მოკლედ შევაჯამო. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს გარდამავალი ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძალზედ შთამბეჭდავი, ძალზედ დამაიმედებელი და ამას მე არ ვამბობ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, მოქალაქეებისთვისაც იყო უაღრესად მოულოდნელი.
მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას, მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად.
რეალურად ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მეთოდები, მენეჯმენტის სწრაფი, პროაქტიული ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმაში, რომ თვითკმაყოფილები ვიყოთ ან ის ხარვეზები ვერ დავინახოთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, იყო ყველა ინსტიტუტში და სისტემაში, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, ეს 3 თვე გამოვიყენოთ, რათა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალურო სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი“,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, იმ დროს, როცა ყველა დაითვლის, ვინ რა შედეგებით გამოვიდა კრიზისიდან, მნიშვნელოვანია, გლობალურ კონკურენციაში საქართველო საშუალო განვითარების დონიდან, რამდენიმე საფეხურით წინ იყოს.
„ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, აბა ვინ რა შედეგებით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო, როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით ვიყოთ უფრო წინ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ვდგამდით და ვდგამთ ყოველთვის უაღრესად ფრთხილ ნაბიჯებს, რამეთუ გვესმის ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა არა ჩვენი, ერთმანეთის წინაშე, არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე“,- განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში, რამდენად ერთიანად და ეფექტურად შეძლებენ, პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს.
„ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი, ეს არის გლობალური კრიზისი და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა. ეს არის კრიზისი, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება. ამიტომ, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. იმიტომ, რომ შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია, უაღრესად მაღალი დავიმსახუროთ “,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ მთავრობას, ოპოზიციას, მოქალაქეებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იამაყონ ერთმანეთით და ქვეყნისთვის, რომ სხვებთან შედარებით, საქართველოს რესურსის გათვალისწინებით, შეძლეს, ყველაზე ეფექტურები ყოფილიყვნენ.
„მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის, ყველა წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით, სხვებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ.