გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს
გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს მიმართა, პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.

მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეორე ამოცანა ან მესამე ხარისხის, ან პირველი ხარისხის, რომელიც ვისაუბრეთ, იქნება უკვე უმნიშვნელო, რადგან თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომიტინგეებს სთხოვა, ხვალ ქალაქს ჩვეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

„ასევე, რა თქმა უნდა, მინდა, მივმართო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დღეს მთელ რუსთაველის გამზირზე არის შეკრებილი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ის მიღწევები – თავისუფლების და გამოხატვის, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დაგვაკარგვინებს დროს, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ წუთიდან დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს. იმ დაპირებებისა და პირობების გათვალისწინებით, რაც იყო ჩვენი მხრიდან გაცემული, მივცეთ საშუალება თბილისს, ხვალ იცხოვროს ჩვეულებრივი სამუშაო, ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში, არის ძალზედ ფასეული ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვცეთ ერთმანეთს პატივი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა გახარიამ.