მინდა, „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ონში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერი ამ შეფასებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა.
გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ონის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი, შექმნას დამატებით სამუშაო ადგილები.
„მოგესალმებით, ონელებო. დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ნათელიც არის და როდესაც ონში გადაადგილდები, ამას ხედავ. რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით ედგა და მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა – ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭაში ძალიან ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები, რომ ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.
„ეს შეიძლება, იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი, კარგი განათლება, ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ჩვენ, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ონს თავისი ისტორიული გამორჩეულობა აქვს. ამიტომ, თქვენ იცით, რომ ონში მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია, 1991 წლის სტიქიის შემდეგ, მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება და იქნება აბსოლუტურად თანამედროვედ აღჭურვილი მუზეუმი, რომელიც კიდევ დამატებითი ძალა იქნება მიმზიდველობის კუთხით ტურისტებისთვის. რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არის შოვი, არავის არ გვაკმაყოფილებს და სახელმწიფოს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ მოხდეს მისი კიდევ უფრო განვითარება და გახდეს, არა მხოლოდ შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი, არამედ გარედანაც ჩამოვიყვანოთ უცხოელები. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი დღევანდელი დღეს ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ჩვენი გუშინდელი დღე და ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილებისთვის, ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე დღევანდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
„ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. რა თქმა უნდა, თქვენ, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.