გიორგი გახარია - თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა კლინიკური ჯგუფი, რომელიც იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი და რომელიც ხელმძღვანელობდა მკურნალობის ტაქტიკასა და სტრატეგიას
კლინიკური ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, იყო ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა პირველი პაციენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, ფუნქციონირებდა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ ისინი იყვნენ კავშირზე და ხედავდნენ თითოეული კოვიდინფიცირებული ადამიანის მკურნალობის სტრატეგიას.
„ეს კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საერთოდ მკურნალობის ტაქტიკასა და სტრატეგიას, ქვეყნის რომელ რეგიონშიც არ უნდა ყოფილიყო ინფიცირებული ადამიანი ან „კოვიდის“ რისკის მატარებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.