გიორგი გახარია - „ტელესკოლამ“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ „ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს
განათლების სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ-გაკვეთილების დანერგვა, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მარტივად წვდომა ინტერნეტთან. შესაბამისად, შეიქმნა „ტელესკოლა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ ჩატარდა ჩვეულებრივ, ნორმალურ რეჟიმში და მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს.