გიორგი გახარია - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მიმდინარე ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. ღონისძიებას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
„ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას – „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შესახებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა განმარტა, ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებას ეხება, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
„საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ამან უკვე თავისი შედეგიც გამოიღო. დღეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.