გიორგი გახარია - თანმიმდევრული თუ არ ვიქნებით, ვისაუბრებთ მხოლოდ სურვილებზე და დავაზიანებთ ეკონომიკას
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.
„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. მათ შორის ვაჭრობა, განათლება და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.