გიორგი გახარია - სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს
სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას, დაგვიანდა თუ არა ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა.
„თქვენ ამ კითხვას რომ სვამთ, წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. სწრაფი ტესტები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არ არის პანაცეა, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც საერთოდ წარმოადგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის საერთოდ ქვეყნის სტრატეგია, გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ დამატებითი მოგების მიღებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება, თუ დამატებით პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ იმისთვის, და არანაირი ბენეფიტები არ გვაინტერესებს, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით, ჯანმრთელობისა და ეკონომიკის მხრივ, გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.