გიორგი გახარია - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ ვუმკურნალოთ, რათა ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში
დღეს ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებას დაგვჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა, რათა ჩვენ გვქონდეს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები მომოიხილა.
„საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა, გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა. შეუძლებელია, სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გქონდეს, თუ როგორ გაგრძელდება, განვითარდება სიტუაცია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ხვალ და ზეგ. ეს არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მდგენელი, რომელიც ჩვენ, ყველას გვაიძულებს, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები და ერთად, გლობალურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო, მაგალითად, ჩინეთთან ფრენების შეჩერება. მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო იტალიასთან ფრენების შეჩერება. მძიმე იყო შემდგომ იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე ბევრი წელია, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ. ვცდილობდით, თითოეული ნაბიჯი გაგვეზომა. ამ ყველაფრით ჩვენ ვუყურებდით გამოცდილებას, რა ხდებოდა იტალიაში, რა ხდებოდა ევროპაში, რა ხდებოდა ჩვენი მეგობრების ქვეყნებში და ბევრ რაღაცას აქედან ვსწავლობდით. ამაზე ჩვენ ბევრ თქვენგანთან საუბარიც გვქონია ხშირად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გადადგმული ნაბიჯებით მოქალაქეთა მობილობა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელება შეამცირა.
„როგორც დღეს ჩანს, ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და პირველი, ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ მსხვილ ბლოკებად, ქვეყანაში დაგვეგდო მობილობის ხარისხი, რათა ჯანდაცვის სისტემაზე პაციენტების სახით დიდი დაწოლა არ ყოფილიყო. ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ისეთი, როგორიც იყო სკოლების გაჩერება, სასწავლო პროცესის გაჩერება უმღლეს სასწავლებლებში, ტრანსპორტის გაჩერება, შემდგომ ქალაქების გაჩერება და ა.შ. ჩვენ უბრალოდ მოვახერხეთ ის, რომ ქვეყანაში მობილობა დავაგდეთ, რამაც შეაჩერა ვირუსის გადაცემის სისწრაფე და გეოგრაფია. ამით მივეცით შესაძლებლობა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ მომზადებულიყო როგორც მკურნალობისთვის, ასევე ინფიცირების გამოვლენისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე მთავრობამ ეტაპობრივად გახსნა ეკონომიკა.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი აქ შეკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი და ის, რამაც მოგვცა აქ შეკრების შესაძლებლობა, გახლავთ ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი. მაგრამ დღეს ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებას დაგვჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა, რათა ჩვენ გვქონდეს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა, რათა არ გაგვეპაროს არაფერი, მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული. მოკლედ, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ, რათა ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.