გიორგი გახარია - სწორი განმარტება არ არის, რომ გამოძიებას მ.კ-ს ტანსაცმელი არ ამოუღია, უფრო სწორი იქნება - ვერ ამოიღო
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა, რომ გამოძიებამ ვერ ამოიღო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-ს ტანსაცმელი.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის ფიგურანტ მ.კ-სთან დაკავშირებით კითხვები შს მინისტრ გიორგი გახარიას კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ დაუსვა.
კახიძე დაინტერესდა, არის თუ არა საქმის კურსში მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებას ამოღებული არ აქვს მ.კ.-ს მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილთან და მსჯავრდებულ გ.ჯ-სთან. გიორგი გახარიას თქმით, ის ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია.
ამასთან, კითხვაზე, იცის თუ არა მინისტრმა, რომ მ.კ. ფარდულში იმყოფებოდა ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე და ფიზიკურ კონტაქტში იყო დავით სარალძესთან, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ იცის.
ასევე, მინისტრის თქმით, დღეს უკვე მისთვის ცნობილია, რომ მ.კ-ს სახლი არ გაჩხრეკილა.
ოთარ კახიძის კითხვაზე, რომ სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ამოუღია მ.კ.ს- ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით იყო სისხლიანი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო, უფრო სწორი განმარტება იქნება“.
დროებით საგამოძიებო კომისიაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.