გიორგი გახარია - სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ
სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ჯარისკაცებს, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, ვინაიდან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დიდ მადლობას გიხდით, და მადლობას გიხდით უპირველესად ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, ვინაიდან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისა და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულება. კიდევ ერთხელ, მადლობა ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.