გიორგი გახარია - stopcov.ge-ს შექმნა იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში
მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopcov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარადგენს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლისთვის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.
„ეს იყო და არის სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ამ პანდემიასთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი პირველად ინფორმაციას, თუ რა ხდება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იღებს სწორედ ამ საიტიდან და არა, პირველ რიგში, მედიასაშუალებიდან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა, რომ „კოვიდ-19“-ის პირობებში მარტის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვები ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტი. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩვენ აქამდე ჩამოვთვალეთ, ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და მინდა, რომ ეს გავითვალისწინოთ. სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა ამ შეზღუდვებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთული იყო და რამდენად რთული იქნებოდა ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და ეკონომიკური აქტივობებისთვის მსგავსი შეზღუდვების ასე დირექტიული დაწესება. თუმცა, მარტის მეორე ნახევრიდან უკვე ვირუსის შიდა გავრცელება გახდა ფაქტი და ეს შიდა გავრცელების ტემპი საკმაოდ გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.