გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს
ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს, როგორც კი კრიზისი დაიწყო, მოუწია რაღაც პროდუქტებზე მარაგების გაკეთება, რადგან ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც ამას შეძენა ხდებოდა, უბრალოდ გადაკეტა, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს, რომ ექსპორტი დამთავრდა.
„ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემებია, მაგრამ ნელ-ნელა აქთკენ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ ადგილობრივი ფერმერი გიორგი მჭედლიძე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ასეთი ქცევის წარმატებულ მოდელზე ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ისე, როგორც ეს კაცი ეფექტურად, შედეგიანად საქმეს აკეთებს და შედეგიც აგერ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.