გიორგი გახარია სოფელ ზედა საქარაში ახლად აშენებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში წარმატებები უსურვა.
გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, ორ კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ მოსწავლის მშობელს სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი აქვს, მას სამინისტრო ასეთ შესაძლებლობასაც სთავაზობს. მასწავლებლები კი, დამატებით დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, შესაბამის დანამატს მიიღებენ.
მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
„თანამედროვე ტიპის სამსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში გამართულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომბინირებული სპორტული დარბაზი. ეზოში კეთილმოეწყო სპორტული მოედანი.
სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარს აღემატება. საჯარო სკოლას, სადაც 31 ადამიანია დასაქმებული, 139 მოსწავლე ჰყავს“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.