გიორგი გახარია - სხვებისგან განსხვავებით, წესებს ვიცავ, ჩემს მოქალაქეებთან როცა ვსაუბრობ, პირბადეს ყოველთვის ვატარებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სხვებისგან განსხვავებით, წესებს იცავს და მოქალაქეებთან საუბრის დროს პირბადეს ყოველთვის ატარებს.
გახარიას თქმით, ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა, დაიცვას წესები და შეამციროს ვირუსის გადაცემის რისკი.
გიორგი გახარიას განმარტებით, პირბადე არ მოუხსნია არც რამდენიმე დღის წინ გურიაში წინასაარჩევნო შეხვედრისას, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტი მაინც ჩაიტარა.
„რა თქმა უნდა, მეც ვიყავი თვითიზოლაციაში. კოლეგებო, სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ და როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საარჩევნო პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახით, პირბადეს ყოველთვის ვატარებ. შესაბამისად, როგორც ჩემი, ისე სხვა ადამიანების ინფიცირების რისკს ვამცირებთ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვგრძნობთ და ზოგიერთებისგან განსხვავებით, პირბადეს არ ვიხსნით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არც ერთხელ პირბადე არ მოგვიხსნია, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ“, – განაცხადა გახარიამ.
ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გურიის მოსახლეობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა, წარდგენას წილოსანიც ესწრებოდა.