გიორგი გახარია - სიტუაცია რთულია და ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, სახეზეა ვირუსის შიდა გადაცემა.
ამასთან, გახარიას განმარტებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა.
„ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, ინფიცირებული გვყავს 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254 ადამიანი. 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინიფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.
ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.