გიორგი გახარია - შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნებისთვის, ეს შევძელით პირველ ტურში, შევძლებთ მეორე ტურშიც
პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონდარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი სამეგრელოში ჩასვლის მიზანია, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში არსებული ვითარება.
„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში, ასევე შევძლებთ მეორე ტურში. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო შემეჯამებინა, უსაფრთხოების კონტექსტში როგორ ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ხარისხი მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების კონტექსტში კიდევ უფრო გავზარდოთ. მე ავიღე მთელ საქართველოში არჩევნების მშვიდად ჩატარების კურატორობა. ეს მე დამავალა პრემიერ-მინისტრმა. პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა. პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონდარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რა კონტექსტში ახსენა გიორგი გახარიამ არჩევნებზე უსაფრთხოების საკითხი, უკავშირდება თუ არა სამეგრელოს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვეს ან თუ არსებობს რაიმე სხვა მოლოდინი, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება განსაკუთრებით სენსიტიურია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში. აქედან სულ რამოდენიმე კილომეტრში არის დროებითი გამყოფი ხაზი და ეს დამატებით რისკებს აჩენს. დამატებით სენსიტიურობას სძენს აქ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, შსს მოკვლევას დაიწყებს.
„თუ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დადასტურდა ამაზე რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აუცილებლად დაიწყებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესებში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების შესაძლო ჩართულობის შესახებ დასმულ კითხვას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შსს კრიმინალურ მენტალიტეტს ებრძოდა, ახლაც ებრძვის და მომავალშიც შეებრძოლება.
გიორგი გახარიამ სამეგრელოში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს. მას ორი მოადგილე ეყოლება: ლაშა გვასალია და დათო დავითულიანი.