საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, შსს როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც.
გიორგი გახარიას თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო შესული.
„შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შსს იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება.
დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.