გიორგი გახარია - შსს-ს მიერ ინიცირებული იყო ცხრა კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა
გიორგი გახარია - შსს-ს მიერ ინიცირებული იყო ცხრა კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები, წარუდგინა რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

„ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენს მიერ იყო მხარდაჭერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო ცხრა კანონპროექტი, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტიურად თავიდან დაიწერა. ამ ცვლილებებმა მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, გამკაცრდა ცრუ ჩვენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი, ასევე გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში.

„პარლამენტთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები გატარდა და ფაქტობრივად პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა რაც შეეხება 2019 წელს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შსს უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას.

„ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის, პირდაპირი უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიციის შესახებ და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეულ გარდაქმნაშიც წარმოგიდგენთ ჩვენს ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.