გიორგი გახარია - შსს-მ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი და დააკავა მაშინ, როდესაც საჭირო იყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი და დააკავა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომ შსს-მ მკვლელობიდან ორი თვის განმავლობაში ვერ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი.
როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, შსს-მ მირზა სუბელიანი 2018 წლის ივნისში დააკავა, თუმცა მისი ვინაობა მანამდე იცოდა.
ირაკლი აბესაძემ შს მინისტრს ჰკითხა, რატომ მოიხსენია გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ მირზა სუბელიანი ოფიციალურ ოქმში უცნობ მამაკაცად.
„როცა კალანდიების სახლიდან ამოიღეს ვიდეოკამერის ჩანაწერები, თქვენი უწყების წარმომადგენლმა ოქმში არ დააფიქსირა მირზა სუბელიანის შესვლა კალანდიების სახლში და ოქმში მას უწოდა უცნობი მამაკაცი, როცა გადაადგილდებოდა თენგიზ კალანდიასთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ამ განცხადებით პასუხად, შს მინისტრმა განაცხადა, რომ გამომძიებელი ირაკლი ფიფია სახეზე ვერ ცნობდა მირზა სუბელიანს, თუმცა ამას ამას საგამოძიებო ღონისძიებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
ირაკლი აბესაძის თქმით, ირაკლი ფიფიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს, თუმცა სატელეფონო ჩანაწერებით ფიქსირდება, რომ 2017 წლის დეკემბერში 12-ჯერ ესაუბრა ტელეფონით მირზა სუბელიანს.
„ვუშვებ, რომ სახეზე ვერ ამოიცნო და ის, რომ გამოძიების პროცესში დაურეკა 12-ჯერ, არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იცნობდა. თქვენ უკვე გქონდათ ფიფიასთვის დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, რომ აქ ეს სპექტაკლი არ დაგედგათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიის სხდომაზე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფიფიასა და სუბელიანს შორის 12 სატელეფონო საუბარი შედგა.
„ბატონო გიგა, თუ შეიძლება, ობიექტურობისთვის ამოიღეთ მაგალითისთვის ირაკლი ფიფიას მიერ სხვა მშობლებთან განხორციელებული ზარები. მოდით, ახლა მოვიტან მე იმ ზარებს და მერე ვისაუბროთ. როცა მოგაქვთ მხოლოდ ერთ მშობელთან დარეკილი, ახლა ამოვაღებინებ და მოვიტან და მერე სხვაგან ოცი დარეკილი რომ იქნება, მერე მიმტკიცეთ, რომ მათაც იცნობდა, ყველა მშობელს იცნობდა ირაკლი ფიფია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.