გიორგი გახარია - შსს აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება დანაშაულის მიმართულებით, ასევე, აღიარებს, რომ გარკვეული სახის დანაშაულის ნაწილში გვაქვს ზრდა
გიორგი გახარია - შსს აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება დანაშაულის მიმართულებით, ასევე, აღიარებს, რომ გარკვეული სახის დანაშაულის ნაწილში გვაქვს ზრდა

შინაარსობრივი საუბრის ნაცვლად, დღეს პარლამენტში მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები, რაც ასევე მისაღებია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიმინოგენური ვითარების თემაზე მოითხოვა.

გახარიას თქმით, საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ქუჩებში, ასევე, დანაშაულის მიმართულებით.

„რაც შეეხება აჟიოტაჟს, რაც ხდება და თქვენ ბრძანეთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მთელს ჩემს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, რომელიც დღესაც აქ ჩემსავით ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს, ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი და ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, მხარს დაუჭერს და დისკუსიაში შევა შინაარსობრივ ნაწილში, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, ნაცვლად ამისა, მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები, რაც ასევე მისაღებია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში პოზიტიურია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება, როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით. თუმცა ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიც არის ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, გვაქვს გარკვეული ზრდა“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში და ეს პრობლემა ერთობლივად უნდა მოგვარდეს.

„ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ . თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ქვეყანაში და შესაძლებლობას, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ოჯახმა იზრუნოს, იშრომოს თავისი ოჯახის, შვილების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.